ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსეთის მიერ ირანული დრონების გამოყენების "პაუზა" ამინდთან არ იყო დაკავშირებული.
"რუსული თვითმფრინავების თავდასხმების სიხშირის ზრდა შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ რუსულმა ძალებმა დააგროვეს მეტი დრონი სამკვირიანი გამოუყენებლობის პერიოდში, ან რუსეთმა ცოტა ხნის წინ მიიღო ან ელის, რომ უახლოეს მომავალში ირანიდან დრონების ახალ პარტიას მიიღებს", - ნათქვამია განცხადებაში.
14 სექტემბერს, ბრიტანეთის დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი სანქცირებული ქვეყნებიდან, მათ შორის ირანიდან და ჩრდილოეთ კორეიდან იარაღის მიღებას ზრდიდა.
ბრიტანეთის უწყების თქმით, რუსეთი, უკრაინასთან ომში, სავარაუდოდ, ირანულ უპილოტო საფრენ აპარატებს იყენებს. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რამდენიმე ათეული ირანული დრონი უკვე გაანადგურეს. თუმცა ირანი უარყოფს, რომ რუსეთს უკრაინაში გამოსაყენებელი იარაღით ამარაგებს და აცხადებს, რომ "ეს არ გაუკეთებია და არ გააკეთებს".